ხარისხის კონტროლი

​ბიოლოგიური მასალის ასაღებად ძირითადად გამოიყენება Becton Dickinson-ის და სხვა, მაღალრეპუტაციული მწარმოებლების მაღალი ხარისხის ლაბორატორიული სახარჯი მასალა. 

ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა და გარე კონტროლის სისტემები.
ლაბორატორიული კვლევების ხარისხის შიდა კონტროლი მიმდინარეობს სტანდარტული საკონტროლო მასალითა და ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით.

ლაბორატორია, წლების განმავლობაში, გადის ხარისხის გარე კონტროლს, რომელსაც უშუალოდ ევროპული რეფერენს ლაბორატორია INSTAND E.V. (Germany) ახორციელებს მათ მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად. კლინიკური მიკრობიოლოგიის მიმართულება დამატებით ჩართულია UK NEQAS-სა (United Kingdom National Quality Assessment Program) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარე ხარისხის კონტროლში, რაც დასტურდება შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით.

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ანალიტიკურ პროცესში გამოიყენება ფართო სპექტრის სტანდარტული მაღალი ხარისხის საკვები ნიადაგები (BioMerieux, Biorad, Biolife). მიკრობთა იდენტიფიკაცია ხორციელდება ნახევრად ავტომატური API სისტემების და Slidex სისტემების გამოყენებით (Biomerieux, Biorad). API სისტემები საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ფართო სპექტრის ბაქტერიების და სოკოების იდენტიფიკაცია. მისი მონაცემთა ბაზა მუდმივად განახლებადია (API WEB) და მოიცავს პრაქტიკულად ყველა ეტიოლოგიურად მნიშვნელოვან მიკროორგანიზმს. ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის შესწავლა ხორციელდება EUCAST სტანდარტის შესაბამისად ნახევრად ავტომატური ATB სისტემების (Biomeieux) და ADAGIO-ს (Biorad) ავტომატური ანალიზატორის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს როგორც მგრძნობელობის კატეგორიის, ასევე ანტიბიოტიკის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განსაზღვრასაც და მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით განპირობებული შეცდომის მოხდენის ალბათობას.